მომსახურების ხელშეკრულება
1 ხელშეკრულების მხარეები
ხელშეკრულება იდება საფოსტო-გადამზიდ კომპანია შპს „გიო ჯგუფსა“ (ს/ნ 400298922)
(შემდეგში წოდებული როგორც - „ექსპედიტორი“, გადამზიდი ან კომპანია) და მომხმარებელს შორის.
(შემდეგში - შემკვეთი, მყიდველი) მომხმარებელი შესაძლებელია, იყოს როგორც ფიზიკური, ისე
იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს შპს „გიო ჯგუფი“-ს მომსახურებით.
მომხმარებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი. რეგისტრაცია ხორციელდება
www.giogroup.ge ვებ-გვერდზე.
მომსახურების პირობები საჯაროა. საფოსტო გადამზიდი კომპანია - „გიო ჯგუფის“ მომსახურებით
სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი გაეცნო და დაეთანხმა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს.
კომპანია უფლებამოსილია მომხარებლის სარეგისტრაციო მონაცემები გამოიყენოს მხოლოდ ამანათის
ტრანსპორტირების მიზნებისთვის. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მომხმარებელი თანხმობას
აცხადებს კომპანიამ დაამუშაოს და გადასცეს მის კონტრაქტორს ასეთი ინფორმაცია.
2 ტრანსპორტირების ღირებულება, ამანათის წონა და გადახდა.
-
2.1 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ექსპედიტორი კომპანიის მიერ თურქეთსა და
ჩინეთში არსებული საწყობიდან შემკვეთის მიერ შესყიდული ამანათების საქართველოში ტრანსპორტირება.
-
2.2 ამანათების ტრანსპორტირება სრულად ხორციელდება „შემკვეთის“ ხარჯით.
3 მომხმარებელი ვალდებულია
-
3.1 ნივთის ტრანსპორტირების ღირებულების გამოთვლა ხორციელდება ამანათის საწყობში
მიტანის შემდეგ, მისი რეალური ან მოცულობითი წონის განსაზღვრით. თურქეთის შემთხვევაში
ანგარიშდება რეალური წონით, ხოლო ჩინეთის შემთხვევაში მოცულობითი ან რეალური წონით.
-
3.2 ნივთის ტრანსპორტირების საფასური შეადგენს:
- თურქეთზე 5 კგ-მდე: 3 აშშ დოლარი;
- 5 კგ-დან 10 კგ-მდე: 2.5 აშშ დოლარი;
- 10 კგ-დან ზევით: 1 აშშ დოლარი;
- ჩინეთზე 5 კგ-მდე: 10.50 აშშ დოლარი;
- 5 კგ-დან 10 კგ-მდე: 8.50 აშშ დოლარი;
- 10 კგ-დან ზევით: 7.50 აშშ დოლარი (ექვივალენტს ლარში).
-
3.3 ამანათის წონის დაანგარიშება ხორციელდება ზუსტი წონით. მოცულობითი წონით ითვლება
ჩინეთიდან გამოწერილი არასტანდარტული ზომის ამანათები. მოცულობითი წონა შემდეგნაირად
ანგარიშდება: ✔ სმ და კგ ერთეულებისთვის - სიგრძე X სიგანე X სიმაღლე / 6000♂️.
-
3.4 კომპანიის გვერდზე რეგისტრაციის განხორციელება შეუძლია მხოლოდ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს,
რომელსაც რეგისტრაციის განხორციელებამდე შეუსრულდა 18 წელი.
-
3.5 მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო წესით,
www.giogroup.ge ვებ-გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით.
ანგარიშსწორება შესაძლებელია კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
-
3.6 მომხმარებელი ვალდებულია ამანათის ჩამოსვლისა და შეტყობინების მიღებიდან 10
კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს ამანათის გატანა ფილიალიდან ან საკურიერო მომსახურების საშუალებით.
აღნიშნულ ვადაში ტრანსპორტირების თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მომხმარებელს დაეკისრება
პირგასამტეხლო ტრანსპორტირების საფასურის 1% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
-
3.7 თუ ამანათის ჩამოსვლიდან 30 კალენდარულ დღეში მომხმარებელი არ გადაიხდის საქართველოს ტერიტორიაზე
გადამზიდის საწყობში მისი ამანათის შენახვის ღირებულებას და არ გაიტანს ამანათს, კომპანია უფლებამოსილია
ტრანსპორტირების საფასურის/პირგასამტეხლოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიმართოს აღსრულების
ეროვნულ ბიუროს ან/და სასამართლოს წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე.
-
3.8 მომხმარებელი ვალდებულია დეკლარაციის შევსებისას იხელმძღვანელოს ინვოისში დაფიქსირებული
ღირებულებით. ნივთის დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში კომპანია ნივთის ღირებულების დადგენას
განახორციელებს დეკლარაციაში მითითებული თანხით.
-
3.9 ამანათებზე არსებული საბაჟო რეგულირებების შესახებ მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს
მითითებულ ბმულზე:
საბაჟო რეგულაციები.
4 მომხმარებელი ვალდებულია
-
4.1 ექსპედიტორი კომპანიის მოთხოვნით, დროულად მიაწოდოს მას ტვირთის შესახებ დეტალური ინფორმაცია და
ყველა საჭირო დოკუმენტი ან/და ცნობა, რაც ამანათის ტრანსპორტირებისას მოითხოვება. აგრეთვე, დროულად მიაწოდოს
მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია/ცნობა, რაც ტვირთის საბაჟო პროცედურებს ან ტრანსპორტირების
პროცესში განსახორციელებელ მოქმედებებს უკავშირდება. საჭიროების შემთხვევაში, ექსპედიტორის მოთხოვნის შესაბამისად,
მომხმარებელი ვალდებულია მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, წარადგინოს მის მიერ
გადამზიდი კომპანიისთვის მიწოდებული ცნობების უტყუარობის დამადასტურებელი მტკიცებულებები/დოკუმენტები.
-
4.2 საფრთხის შემცველი ტვირთის არსებობისას, მომხმარებელი ვალდებულია გააფრთხილოს ექსპედიტორი ამ საფრთხის
სახეობის თაობაზე, მიაწოდოს მას დეტალური ცნობები და მიუთითოს მისი ტრანსპორტირების პერიოდში უსაფრთხოების ზომებზე.
-
4.3 წინამდებარე ხელშეკრულების 4.2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი წინასწარ
არ გააფრთხილებს ექსპედიტორს ტვირთის საფრთხის შემცველობის თაობაზე, ექსპედიტორს ენიჭება უფლება ნებისმიერ დროს,
ნებისმიერ ადგილას გადმოტვირთოს, გაანადგუროს ან გააუვნებელყოს ის, რისთვისაც მას არ დაეკისრება არანაირი სახის პასუხისმგებლობა.
-
4.4 იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთის მიერ შეძენილი ნივთი არის მსხვრევადი მასალის (შუშა, ტექნიკა, სპეციფიური
ნივთები, მყიფე მასალის) ან სითხე და მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალური წესების შესაბამისად,
განსაკუთრებული სიფრთხილით, ასეთ შემთხვევაში, ნივთის გამყიდველის (seller-ის) მიერ ამანათს უნდა დაეკრას
შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი (სტიკერი). ასეთი სტიკერის არარსებობის შემთხვევაში, გადამზიდი კომპანია იხსნის
პასუხისმგებლობას ტრანსპორტირების დროს, ნივთის დაზიანებასა ან/და განადგურებაზე. შემკვეთი ვალდებულია
მსხვრევად/თხევად ნივთებზე სელერს მოსთხოვოს მსხვრევადი სტიკერის ნიშნის დაკვრა და გადამზიდ კომპანიას
ამგვარი ნივთების თაობაზე მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ნივთის შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით.
შემკვეთი ვალდებულია გადამზიდის საიტზე -
www.giogroup.ge
ნივთის დეკლარირებისას, მისი სპეციფიკაციები მიუთითოს დეტალურად, ამანათის დაზიანების ან/და განადგურების თავიდან აცილების მიზნით.
-
4.5 შემკვეთი ვალდებულია ამანათის ოფისიდან გატანამდე გადაამოწმოს მისი შიგთავსი. ნივთის ოფისიდან
გატანის შემდეგ, ამანათის დაზიანებისა და ნაკლის/დანაკლისის შესახებ, პრეტენზიები აღარ მიიღება.
ამანათის პირველადი შემოწმების შემდეგ, ოფისიდან გატანამდე პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში,
მოგვიანებით დაფიქსირებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, გამოირიცხება ექსპედიტორის ნებისმიერი სახით პასუხისმგებლობა.
აღნიშნული ჩანაწერის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც მომხმარებელი სარგებლობს საკურიერო მომსახურებით.
-
4.6 დაზიანებული ან გახსნილი ამანათის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია არ ჩაიბაროს
ამანათი და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გადამზიდველ კომპანიას. ამგვარი შეუტყობინებლობის ან/და
ამანათის გახსნის შემთხვევაში, გადამზიდველი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას ამანათის ხარისხზე, ნაკლსა თუ დანაკლისზე.
-
4.7 ამანათის გატანა ხორციელდება პირადი ნომრისა და ვერიფიკაციის კოდის საშუალებით. აღნიშნული გულისხმობს,
რომ ამანათის გატანისას მომხმარებლის პირად კაბინეტში რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე იგზავნება შესაბამისი შეტყობინება.
შეტყობინება წარმოადგენს 4 ციფრიან უნიკალურ კოდს, რომლის მეშვეობითაც დგინდება ნივთის გამტანი პირის კავშირი მომხმარებელთან.
-
4.8 თუ მომხმარებლის მიერ გამოწერილ ამანათს არ აქვს შესაბამისი დასტიკერება და დააზიანებს სხვა ამანათს,
მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს როგორც მისი ამანათის ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა, ასევე მისი ამანათის
მიზეზით სხვა მომხმარებლის დაზიანებული ამანათის საინვოისო/ტრანსპორტირების თანხის ანაზღაურება.
5 რეისების განრიგი, გადახდის და ამანათის მიღების პერიოდი
-
5.1 თურქეთის ოფისი მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
ტვირთის ტრანსპორტირება რეგულარულად ხორციელდება კვირაში 2-ჯერ, ჩინეთიდან ასევე კვირაში 2-ჯერ,
თუმცა ამანათების სიმრავლიდან გამომდინარე, შესაძლებელია შესრულდეს დამატებით კიდევ ერთი რეისი.
-
5.2 ტრანსპორტირების დღეს ხდება ყველა იმ ამანათის ტრანსპორტირება, რომელიც თურქეთისა და
ჩინეთის საწყობში უკვე მიტანილი და ასახულია. ტვირთის ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობა თურქეთიდან
შეადგენს ნივთის გამოგზავნიდან 5-7 კალენდარულ დღეს, ჩინეთიდან ორ კვირას.
-
5.3 წინამდებარე პუნქტებში დაფიქსირებული განრიგი ფიქსირებულია, თუმცა გაუთვალისწინებელი
გარემოებების, (მაგ: რთული მეტეოროლოგიური პირობები) შექმნილი ფორს-მაჟორული მდგომარეობისა და თურქეთსა და
ჩინეთში არსებული დასვენების დღეების/დღესასწაულების გათვალისწინებით, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას
რეისების განრიგის ცვლილებისა და დაგვიანების შემთხვევაში.
-
5.4 იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი უარს განაცხადებს ჩინეთის მისამართზე მისული ამანათის
საქართველოში ტრანსპორტირებაზე, მომხმარებელი ვალდებულია 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს
სელერთან დაკავშირება ნივთის უკან დაბრუნებაზე. საწყობში მისული ამანათის უკან დაბრუნებაზე როგორც
სელერთან კომუნიკაცია, ისე მისი ჩინეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება არ წარმოადგენს გადამზიდი
კომპანიის ვალდებულებას. მომხმარებლის მიერ ნივთის ჩამოტანაზე უარის დაფიქსირებიდან 10 კალენდარული
დღის გასვლის შემდეგ გადამზიდ კომპანიას ეხსნება ნივთის შენახვის ვალდებულება.
6. ფილიალში ამანათის მიღება
-
6.1 ნივთების საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ექსპედიტორის მიერ ამანათები ნაწილდება
შესაბამის ფილიალებში. მომხმარებლის მიერ ელექტრონულად, კომპანიის მიერ მითითებული საიტის მეშვეობით,
სასურველი ფილიალი უნდა მოინიშნოს ნივთის საწყობში ასახვამდე. ავტომატური გადამისამართება არ გავრცელდება
თურქეთიდან ან ჩინეთიდან უკვე გამოგზავნილ რეისებზე.
-
6.2 დროულად დაუდეკლარირებელი ამანათების ფილიალებში გადანაწილება არ ხორციელდება და შესაძლებელია
განთავსებულ იქნას ტერმინალში, ტრანსპორტირების ღირებულების დადგენამდე.
-
6.3 დროულად დაუდეკლარირებელი ამანათები შესაძლებელია შეფერხდეს საბაჟო კონტროლისას, რაზეც
პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება შემკვეთს. მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს დეკლარაცია ამანათების
გამოგზავნიდან 24 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათები გაჩერდება ტერმინალში.
დეკლარაციის სწორად შევსებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მომხმარებელს.
-
6.4 ამანათი მესამე პირს გადაეცემა ამანათის მიმღების, ასევე გამტანის პირადობის დამადასტურებელი
მოწმობის, პასპორტის ან/და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის წარმოდგენის შემთხვევაში.
7 საკურიერო მომსახურება
-
7.1 მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს საკურიერო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
საკურიერო სერვისით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ ეს მომსახურება საიტის
მეშვეობით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გააქტიურდეს.
-
7.2 საკურიერო მომსახურების ღირებულება დგინდება სპეციალური გამომთვლელი კალკულატორით,
რომლის ნახვაც შესაძლებელია მომხმარებლის პირად კაბინეტში. ამ სერვისის ღირებულება მომხმარებლის
მიერ გადაიხდება ნივთის ტრანსპორტირების ღირებულებასთან ერთად, გადამზიდის ვებ-გვერდის საშუალებით.
-
7.3 საკურიერო სერვისი თბილისის მასშტაბით ხორციელდება ყოველდღიურად, ხოლო რეგიონებში
განსაზღვრული გრაფიკით, რომელსაც შეგიძლია გაეცნოთ შესაბამის ბმულზე. თბილისში ამანათების მიწოდება
ხორციელდება საკურიერო სერვისისათვის გადაცემიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
-
7.4 კურიერს ამანათი მიაქვს მომხმარებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ მისამართზე,
არა უმეტეს 2 ჯერ. მისამართზე გასვლამდე კურიერი უკავშირდება მომხმარებელს. მისამართზე ორი წარუმატებელი
მისვლის შემდეგ, ამანათი ბრუნდება ექსპედიტორის ოფისში და მისი ხელახლა გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ
მისი დაბრუნებისა და ტრანსპორტირების საფასურის ხელახლა გაგზავნის შემდგომ.
-
7.5 მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე მითითებული მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ
საკურიერო სერვისასთვის ამანათების გადაცემამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამანათის შეცვლილ მისამართზე
მიტანა არ მოხდება.
-
7.6 შეზღუდულია მისამართის შეცვლა და გადამისამართება ოფისში სატელეფონო ზარით ან ზეპირი
შეთანხმების საფუძველზე. მისამართის ცვლილება ან ნებისმიერი ინფორმაცია კურიერისთვის უნდა დაფიქსირდეს
საიტზე მომხმარებლის პირად კაბინეტში.
-
7.7 კურიერს ნივთი მიაქვს დაფიქსირებულ მისამართზე, თუმცა არ არის ვალდებული ამანათი
აიტანოს სართულებზე.
-
7.8 ამანათის მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია, წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი
მოწმობა/პასპორტი. იმ შემთხვევაში თუ ამანათს იბარებს სხვა, მესამე პირი, რომელიც არ არის ამანათის მიმღები,
მაშინ სავალდებულოა აღნიშნულმა პირმა წარადგინოს მისი პირადობა და მიაწოდოს კურიერს ინფორმაცია მომხმარებელთან
კავშირის შესახებ.
8 განბაჟება
-
8.1 საქართველოს საბაჟო კოდექსის მიხედვით ნივთის დეკლარირება სავალდებულოა.
ნივთთან დაკავშირებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
-
8.2 ტვირთის განბაჟების პროცედურებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, თუმცა კომპანია
კეთილი ნებით სრულიად უსასყიდლოდ გაუწევს მომხმარებელს დახმარებას გამარტივებული საბაჟო პროცედურებით
სარგებლობისას.
-
8.3 იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას
გადამზიდ კომპანიას, მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო
(მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება) გადამზიდი კომპანია უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის
გადახდა დააკისროს მომხმარებელს.
-
8.4 იმ ამანათებს, რომელთა იდენტიფიცირება თურქეთში, ჩინეთში ან საქართველოს საბაჟო საზღვარზე
შემოსვლისას ვერ მოხერხდება კომპანიის მიერ, მიენიჭება გაურკვეველი სტატუსი. არაიდენტიფიცირებად ამანათებზე
პასუხისმგებლობა არ დაეკისრება კომპანიას. ამასთანავე, ტრანსპორტირების თანხის გადახდაზე კომპანიის მოთხოვნის
უფლება ანულირებულად ჩაითვლება. მაგალითად, თუ საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოვიდა ამანათი, რომელსაც არ აქვს
ექაუნთის ან თრექინგ ნომერი (თუნდაც იკითხებოდეს შემკვეთის სხვა მონაცემები), ამანათი ჩაითვლება
არაიდენტიფიცირებულად.
-
8.5 საბაჟო პროცედურების გავლის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ
დეკლარირების ვადის გადაცილების შემთხვევაში, ამანათი გადაეცემა სახელმწიფოს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9 პროდუქცია, რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია
-
9.1 მომხმარებლის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაში გადამზიდი კომპანია
არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის
კონფისკაციაზე. აკრძალული პროდუქციის ჩამონათვალი განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
აკრძალული პროდუქციის ჩამონათვალი განთავსებულია შემდეგ ბმულზე: ბმული.
-
9.2 იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მაინც გაგზავნის აკრძალულ პროდუქციას გადამზიდი კომპანიის
მიერ მომხმარებლისთვის გადაცემულ მისამართზე ან ჩინეთის შემთხვევაში მოცულობით პროდუქციას,
რომლის გამოგზავნაზეც მომხმარებელი წონის გამო ამბობს უარს, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას
ამანათის გამომგზავნ მაღაზიასთან ან კერძო პირთან ამანათის დაბრუნებაზე.
10. სხვა შეთანხმებები, პირობები და უსაფრთხოება
-
10.1 ყველა ინფორმაცია და პირობა რომელიც
www.giogroup.ge ვებ–გვერდზეა განთავსებული,
მათ შორის ტექსტური მასალა ხშირად დასმულ კითხვების განყოფილებიდან და მომსახურების პირობების გვერდიდან
ნამდვილია და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მომსახურების პირობები ითვლება
კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებულ შეთანხმებად ამ პირობების მომხმარებლისთვის წარდგენისა
და კომპანიის ვებ–გვერდზე მომხმარებლის რეგისტრაციის დღიდან.
-
10.2 გადამზიდი კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას თურქეთიდან ან ჩინეთიდან
საქართველოში ამანათის ტრანსპორტირებაზე თუ პროდუქციის გამოწერისას მომხმარებელი დაუშვებს შეცდომას
და თურქულ ან ჩინურ მისამართს მიუთითებს არასრულად ან არასწორად. მომხმარებლის მხრიდან მისამართის ცვლილება
დაუშვებელია და ის უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე, ასევე რეგისტრაციისას
მიღებულ ელექტრონულ წერილში.
-
10.3 კომპანია პასუხისმგებლობას იღებს იმ ამანათების ტრანსპორტირებაზე, რომელიც
ასახულია მომხმარებლის პირად კაბინეტში. გადამზიდი კომპანია ვალდებულებას იღებს კლიენტთან მხოლოდ იმ სერვისებზე,
რომლებიც აღწერილია მომსახურების პირობების გვერდზე.
-
10.4 გადამზიდი კომპანია უფლებას იტოვებს, მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესი ჩაიწეროს
ან/და შეინახოს ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით,
მათ შორის, ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების, ჩათით ან ტელეფონით საუბრები, ფეისბუკის თუ ბლოგის კომენტარები,
რაც შესაძლოა, კომპანიამ გამოიყენოს თავისი უფლებების დაცვის მიზნით მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის
წარმოქმნის შემთხვევაში.
-
10.5 მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები
(პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი
დოკუმენტი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გადაზიდულ ამანათთან არის დაკავშირებული) არის უტყუარი და
ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
-
10.6 მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია. გადამზიდი კომპანია არ გადასცემს მესამე მხარეს
მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას სასამართლო დადგენილების გარეშე.
-
10.7 გადამზიდი კომპანია უფლებას იტოვებს შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები
ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების ხელშეკრულება წინასწარი შეტყობინებით 10 კალენდარული დღით ადრე.
მომხმარებელს აღნიშნულის თაობაზე ეცნობება პირად კაბინეტში მითითებულ მეილზე შეტყობინების გაგზავნის გზით.
-
10.8 მომხმარებლის სახელის, გვარის, პირადი ნომერის, მეილის შეცვლა რეგისტრაციის შემდეგ აღარ ხდება
კომპანიის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციების გარეშე. ინსტრუქციები გულისხმობს პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის წარდგენას ოფისში, ელ-ფოსტაზე დადასტურებას და სხვა.
-
10.9 „გიო ჯგუფი“ არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ამანათებზე, რომელთა უცხოეთის ოფისში მიტანას
ახორციელებს კომპანია, რომელსაც არ აქვს ამანათის ჩაბარების სავალდებულო ხელმოწერით დადასტურების სერვისი და
შესაბამისად სადავო სიტუაციის წარმოქმნისას, ასეთი კომპანიები ვერ დაადასტურებენ აგენტის საწყობში ტვირთის მიტანას.
-
10.10 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად, მომხმარებლისა და გადამზიდი
უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
-
10.11 მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია. გადამზიდი კომპანია მესამე მხარეს არ გადასცემს
მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას სასამართლო დადგენილების გარეშე. მესამე მხარედ არ შეიძლება
იქნეს მიჩნეული პირი, რომელიც მოქმედებს გადამზიდის საახელით და ახორციელებს საკურიერო სერვისს.
-
10.12 ნივთის დაზიანების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში, თუ დადგინდება გადამზიდი
კომპანიის ბრალეულობა, კომპანია იღებს ვალდებულებას სრულად აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. რაც შეეხება
შეკეთებულ ან გამოყენებულ პროდუქციას, მისი დაზიანების შემთხვევაში, კომპანია იხსნის ყველანაირ
პასუხისმგებლობას, თუმცა ამგვარი ნივთების დაკარგვისას, სრულად იღებს პასუხისმგებლობას მიყენებული ზიანის
ანაზღაურებაზე, რაც მოიცავს პროდუქციის ღირებულებასა და ტრანსპორტირების ხარჯებს.
-
10.13 ნივთის დაზიანების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში, გადამზიდი კომპანიის
პასუხისმგებლობა შემოიფარგლება პროდუქციის ღირებულებით, რაც დაფიქსირებულია ნივთის შესყიდვის დოკუმენტში.
ზიანის ასანაზღაურებლად, მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს ნივთის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი,
ამონაწერი ან/და მასთან გათანაბრებული დოკუმენტი. ზარალის შემთხვევაში თანხა ანაზღაურდება ზარალის
დადგენიდან არაუგვიანეს 21 კალენდარული დღის ვადაში.
-
10.14 თუ ტრანსპორტირებას დაქვემდებარებულ ამანათს თურქეთის ან ჩინეთის საწყობში
მიტანისას არ ახლავს ტრანსპორტირების დოკუმენტი, არ აქვს მითითებული შესაბამისი რეკვიზიტები, რაც აძნელებს
ნივთის იდენტიფიცირებას ასეთ შემთხვევაში კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას.
-
10.15 კომპანია უფლებას იტოვებს არ მოემსახუროს იმ პირებს, რომლებიც წარმოადგენენ სხვა
გადამზიდ კომპანიას, არიან მათი დამფუძნებლები, დირექტორები თუ სხვა მენეჯმენტის რგოლში მომუშავე პირები.
-
10.16 მომხმარებლის ან მისი თანმხლები პირის მხრიდან, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება,
კომპანიის ან კომპანიის თანამშრომლების წინააღმდეგ ცილისმწამებელი, მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი სიტყვების
გამოყენება პირდაპირი ან არაპირდაპირი ქმედებები როგორც სოციალურ ქსელში ისე პირადად წარმოშობს კომპანიის უფლებას
ცალმხრივად ყოველგვარი გაფრთხილების ვადის დაწესების გარეშე დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს მომსახურების ხელშეკრულება.
გიო ჯგუფი არის პირველი ოფიციალური საფოსტო გადამზიდავი თურქეთიდან, რომელმაც ჩამოიტანა ონლაინ ამანათები
გმადლობთ, რომ ირჩევთ გიო ჯგუფს!